ზუსტად არ მახსოვს რა ასაკში, მაგრამ ძალიან პატარა ვიქნებოდი, როდესაც გადავწყვიტე, ჩემი ძალები მომესინჯა კულინარიაში. ერთი საათის "ხლაფურთის" შემდეგ, ცდა უშედეგოდ დასრულდა. მახსენდება დედაჩემის განწირული ხმა, როდესაც სამზარეულოში შემოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დაინახა: მოსვრილი იატაკი, აქეთ-იქით მიმოფანტული ჭურჭელი და აცრემლებული თავისი შვილი, რომელმაც სიურპრიზად "ვაშლის პეროგი" დაახვედრა. :)...ამ ინცინდენტის შემდეგ გაზქურასთან 10 მეტრის რადიუსზე აღარავინ მიშვებდა.
...გავიდა წლები, მეც წამოვიზარდე, დავამთავრე სკოლა და პირველი კურსის დახურვის შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე საზაფხულო კურსებზე დასასწრებად. სწორედ მაშინ გაიღვიძა ჩემში ისევ ბავშვობის სურვილმა. ყოველდღე სხვადასხვა კერძს ვამზადებდით სადილად თუ ვახშმად,ბევრჯერ მოვაწყვეთ ე.წ "cooking day" და იქაურ შეძენილ უცხოელ მეგობრებს ქართული სამზარეულო გავაცანით და შევაყვარეთ კიდეც. საქართველოში დაბრუნებისას ჩემს ჩემოდანში ნახევარზე მეტი ადგილი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რეცეპტების წიგნებს ეკავა (ბევრი მეთვითონ ვიყიდე, ბევრი სამახსოვროდ მაჩუქეს, მასშემდეგ, რაც დაინახეს ჩემი ინტერესი კულინარიისადმი)...
...ახლა, ერთი დღე არ გავა ისე, რომ სახლში რაიმე არ მოვამზადო, ხან ჩემი სურვილით, ხანაც ჩემების თხოვნით :" მარო, გეხვეწები შენი ვაშლის პეროგი მომენატრა, გამომიცხვე რა!" :))))
...ხოდა, გუშინ ღამე მომივიდა ასეთი იდეა, რომ ჩემი გამოცდილება და რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ. ვაპირებ გაგაცნოთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე უცნაური რესტორნები და ბევრი სხვა რამ, რაც კულინარიასთან არის დაკავშირებული.
No comments:
Post a Comment