Sunday, June 3, 2012

არყიანი ჟელიბონები :)))))))


სულ რაღაც შემთხვევით წავაწყდი ამ რეცეპტს ინტერნეტში, ძალიან მომეწონა იდეა და ვაპირებ ამ დღეებში გავაკეთო და გავსინჯო. (იქნებ არაყი ესე მაინც მოხვდეს ჩემს ორგანიზმში :D :D :D)

საჭირო ინგრედიენტები: ჟელიბონები,არაყი

მომზადება:
აიღეთ თავსახურიანი ქილა, ჩაყარეთ ჟელიბონები და დაასხით არაყი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. (ბევრი ჟელიბონი არ ჩაყაროთ, თორემ ყველა კარგად ვერ გაიჟღინთება). შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური და შედგით 2 დღით მაცივარში. 
მას შემდეგ, რაც არყით გაიჟღინთება, ჟელიბონები ორჯერ გადიდდება ზომაში.
ესე მგონია, რომ ძალიან გემრიელი გამოვა, მოკლედ ხვალ ან ზეგ უნდა ვცადო მეც :))))



მაფინები - გემრიელი, ჯანმრთელი და მარტივი მოსამზადებელი

როდესაც დუსელდორფში ვცხოვრობდი,  გავიცანი წყვილი, ბერძენი ანასტასია და გერმანელი ლარსი. მათი  რომანტიული სიყვარულის ისტორია ერთი 7 წლის წინ საბერძნეთში დაიწყო, როდესაც ლარსი დასასვნებლად იყო ჩასული, ერთი წლის  მიმოწერის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება და ანასტასიაც გერმანიაში გადავიდა მასთან საცხოვებლად.  მათ ხელი დღემდე არ აქვთ  მოწერილი (თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს), მთავარია რომ დღემდე ბედნიერად ცხოვრებონ. ხანდახან ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ანასტასიამ ლარსი თავისი "ოქროს ხელით" მოაჯადოვა, ყოველდღე ნაირ-ნაირ საჭმელებს უკეთებს, დაწყებული გერმანული და დამთავრებული აზიური კერძით.
სწორედ ანასტასიასგან მაქვს სამასოვროდ წიგნი, რომელშიც 100-მდე დასახელების მაფინის რეცეპტია მოცემული.  ამ წიგნის მიხედვით, ძალიან მარტივად და სწრაფად ვაცხობ ხოლმე, სულ რაღაც 10-15 წუთი უნდა მომზადებას და 30 წუთი გამოცხობას.
დღეს მინდა შემოგთვაზოთ შოკოლადისა      და ფორთოხლის მაფინის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:1 1/2 ჩაის ჭიქა ფქვილი,1 სკ გამაფხვიერებელი (Backpulver),60 მლ ზეთი, 2/3 ჩაის ჭიქა შაქარი,1 კვერცხი,1 ვანილი,3 ფორთოხალი,1/2 სკ მარილი,ფორთოხლის კანი,75 გრ შოკოლადი
მომზადება:
კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ზეთი და ჩაახეხეთ ფორთოხლის კანი. შემდეგ ბლენდერში ათქვეფილი ფორთოხლები დაამატეთ. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი და ყველაფერი ერთად აურიეთ. ბოლოს შოკოლადის პატარ-პატარა ნატეხები დაამატეთ. ჩაასხით ცხიმწასმულ მაფინების ფორმაში და 30-35 წუთი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.


Tuesday, May 29, 2012

SUSHI



სუში ჩემი ყველაზე საყვარელი კერძია და მინდა, რამდენიმე სიტყვით გაგაცნოთ მისი შექმნის ისტორია. 
სუში ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძია, რომელიც მზადდება ბრინჯისა და ზღვის პროდუქტებისაგან, სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით. იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც საგულდაგულოდ სწავლობენ. ცნობილია, რომ სუში ჯანსაღი პროდუქტია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სუშის დამზადების ისტორია სათავეს იღებს ჩ.წ. პირველი საუკუნიდან ჩრდილოეთ აზიაში, სადაც მოხარშულ ბრინჯს იყენებდნენ თევზის მომზადებისა და კონსერვირებისთის. გასუფთავებულ და დაჭრილ თევზს აყრიდნენ მარილს და ბრინჯში ურევდნენ, შემდეგ ზემოდან ქვებს ადებნენ (რაც თავსახურის ფუნქციას ასრულებდა). რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრინჯისა და თევზის რძემჟავური ფერმენტაცია, რისი წყალობითაც თევზი მთელი წლის განმავლობაში ვარგისი რჩებოდა.
მე-17 საუკუნეში ბრინჯს უკვე ძმარს უმატებდნენ და  სუნელებიან თევზთან ერთად პრესავდნენ. მე-19 საუკუნეში ტოკიოში გამოჩნდა ცნობილი ნიგირი-სუში. მე-20 საუკუნის შუა ხანებში უკვე სუშის ბევრი სახეობა იყო გავრცელებული.
...ბოლო დროს სუში ჩვენთანაც გახდა პოპულარული და, შესაბამისად, თბილისში ძალიან მომრავლდა ადგილები, სადაც სუშის ჭამას შეძლებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილი სუშის  მხოლოდ "საკურასა" ან რესტორან "ქალაქურში" თუ დააგემოვნებთ.

რამდენიმე დღეში ვაპირებ, სახლში თავად ვცადო სუშის როლების გაკეთება. შემდეგ ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ, დავწერ რეცეპტსაც და, ამავე დროს, მოგცემთ რჩევებს, თუ სად და რა ფასში შეგიძლიათ საჭირო ინგრედიენტების შეძენა.
...დროებით ;)

Sunday, May 27, 2012

ხილის ყინულები

მარტივი იდეა სუფრის დეკორაციისთვის. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ლამაზია.
დაამზადეთ სხვადასხვა ხილის ყინულები. უბრალოდ, ყინულის გასაკეთებელ ფორმაში ჩადეთ სხვადასხვა ხილი, პიტნის ფოთლები, ყვავილები, დაასხით წყალი და შედგით საყინულეში.







Add caption